Monday, March 26, 2012

გოგონა იორდანიიდან



ინტერვიუ ჰუდა აბუჰუსეინთან

მოდი, პირველი შთაბეჭდილებებით დავიწყოთ..

ჰ.ა.: დავიწყებ იმით, რაც იორდანიისგან განსხვავებული ვნახე საქართველოში. მაგალითად მოვიტან მაღაზიებში ქალების მუშაობას. საქართველოში რომ ჩამოვედი გამიკვირდა, რომ მაღაზიებში – ტანსაცმლის, სუპერმარკეტებში და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ქალი მუშაობს. ძირითადად არიან ქალები, კაცები იშვიათად. მაგრამ იორდანიაში ასე არ არის, რადგან ქალებს არ აქვთ უფლება იმუშაონ იმ გარემოში, სადაც დადიან მამაკაცები, სადაც მუდმივად მოძრაობს ბევრი მამაკაცი. ამიტომ, ძირითადად, თქვენ ნახავთ ქალებს, რომლებიც მუშაობენ მასწავლებლებად,- იორდანიაში არის სკოლები გოგონებისთვის ცალკე და ვაჟების ცალკე.

21-ე საუკუნეში კვლავ ასეა?

ჰ.ა.: დიახ, დიახ. ასევე სკოლები არ შენდება ერთმანეთთან ახლოს, შენობები დაშორებულია ერთმანეთს. ეს უცხოა შენთვის (იცინის). მამაჩემს უნდოდა, რომ მე ინგლისური იმიტომ მესწავლა რომ შემდეგ სკოლაში მესწავლებინა. ფრანგული ისწავლება მხოლოდ რამდენიმე კერძო სკოლაში. ამიტომ, მას უნდოდა ინგლისური მესწავლა და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მე ქალების გარემოცვაში ვიმუშავებდი. ეს არის ერთი განსხვავება საქართველოსგან, რაც ძალიან აშკარაა. ასევე, ქალები იორდანიაში საყიდლებზე მაღაზიებში არ მიდიან თავად რომ შეიძინონ საჭირო ნივთები. მაგალითად, აქ, როდესაც დილით მე გავდივარ გარეთ, მე ვხედავ ქალებს თავიანთ შვილებთან ერთად, რომლებთან ერთადაც სეირნობენ ან მაგალითად ასეირნებენ ძაღლს. საქართველოში ქალები არიან დაკავებულები, ისინი რაღაცეებს აკეთებენ. მაგრამ მაგალითად, თუ წახვალთ იორდანიაში, თქვენ ნახავთ, რომ ქალები დადიან უნივერსიტეტში. ქალი, რომელიც არ მუშაობს, მაგარმ უნდა გარეთ გასეირნება, უბრალოდ გასვლა ან დილას პურის ყიდვა- ეს არ არის დაშვებული. იორდანიაში მამაკაცი ყიდულობს ყველაფერს, ქალებს არ აქვთ უფლება; იმ შემთხვევაში, როდესაც ქალებს უნდათ შეიძინონ ტანსაცმელი, ქმართან ერთად მიდიან მაღაზიაში. ხანდახან, ქმარი ყიდულობს ცოლისთვის ნივთებს, მაგრამ თუ ქალს არაფერი არ მოეწონა მან მაინც უნდა აარჩიოს რაიმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მეუღლე გაბრაზდება!

მე მაქვს საუბარი ხალხის რაღაც ნაწილზე იორდანიაში. ყველა ასე არ ცხოვრობს, რადგან თქვენ ასევე შეხვდებით ძალიან მოდურ ქალბატონებს. ისინი მუშაობენ ყველა სფეროში, ისინი აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ ეს ქლაბატონები, რომლებიც მეტწილად თავისუფლები არიან შეადგენენ ქალბატონების მხოლოდ 15%-ს .

რა განაპირობებს იმას, რომ ქალბატონების ამ 15% -ს სხვა ქალებისგან განსხვავებით შეუძლია იცხოვორს თავისუფლად? რა აძლევს მათ ამის საშუალებას? ყავთ მათ ქმრები, მამები?

ჰ.ა.: ყავთ, როგორ არა. მათ აქვთ ამის უფლება, რადგან მათი ქმრები ან მათი ოჯახი არის განსხვავებული უმრავლესობისგან. მაგრამ, ასეთი ოჯახები ცოტაა და მხოლოდ დედაქალაქში. იორდანიაში ძალაინ დიდი განსხვავებაა უმრავლესობასა და იმ უმცირესობას შორის, რომელიც იყო მაგალითად ევროპაში ან ამერიკაში; მათ აქვთ განსხვავებული მენტალიტეტი, ისინი შემდეგ ბრუნდებიან იორდანიაში და აქვთ განსხვავებული ცხოვრების სტილი.

ანუ თავისუფალი ცხოვრების მიზეზი არ არის მხოლოდ სიმდიდრე, არა?

ჰ.ა.: იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იორდანიაში, რადგან მდიდარი ოჯახები ცხოვრობენ დედაქალაქში, მათ აქვთ ვილები, მოსახლეობის უმრავლესობისგან განსხვავებული ცხოვრების წესი. მდიდარი ქალები ერთმანეთთან მეგობრობენ და მათ აბსოლუტურად სხვა ცხოვრება აქვთ. სიმდიდრე იორდანიაში ქმნის ამ განსხვავებას რეალურად, რადგან თუ არ ხარ ძალიან მდიდარი შენ ვერ ცხოვორობ დედაქალაქში და ამიტომ ადამიანები არიან გასამართლებული მეზობლების, ოჯახის, საზოგადოების მხრიდან. მაგალითად, ჩემს პატარა ქალაქში იყო ერთი ოჯახი, სადაც გოგონები ჰიჯაბს ატარებდნენ. შემდეგ, ისინი უფრო დიდ ქალაქში გადავიდნენ, სადაც ჰიჯაბი გაიხადეს. დიდ ქალაქებში ადამიანები უფრო გახსნილად აზროვნებენ. ადამიანები არ არიან განკიცხული. ზოგადად, ადამიანებს ძალიან ეშინიათ სხვა ადამიანების, საზოგადოებრივი აზრის; ამიტომ, მშობლები ძალიან მკაცრი არიან საკუთარ ქალიშვილებთან, ცოლებთან..

თუ თქვენ წახვალთ დედაქალაქში- იამანში, თქვენ შოკი გექნებათ და გეგონებათ, რომ მე მოგატყუეთ, რადგან ევროპულად ჩაცმულ ბევრ გოგონას ნახავთ, მათ ყავთ მეგობარი ბიჭები. იორდანიაში კი აკრძალულია გყავდეს მეგობარი ბიჭი.მე ვგულისხმობ ჩვეულებრივ მეგობარ ბიჭს და არა სექსუალურ პარტნიორ ბიჭს. ეს გოგონები მოგზაურობენ მეგობრებთან ერთად და ა.შ.

მითხარით, რისი უფლება აქვთ ქალებს სოფლებში

ჰ.ა.: ისინი მუშაობენ ძირითადად ბაღში; ზოგადად კი სადაც არ უნდა წავიდნენ, იქვე უნდა იყოს კაცი,- მეუღლე ან მამა. უნივერსიტეტებში კი თავისუფლებაა. იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც სტუდენტი ხარ, არავინ არ განგსჯის, იციან რომ სწავლობ ანუ დგები ადრე და სახლში ბრუნდები გვიან. როცა მთავრდება სტუდენტობა, მერე იწყება პრობლემები, მშობლები ნერვიულობენ. თუკი ადამიანს გარეთ გასვლა უნდა, ყველა შეკითხვების დასმას დაიწყებს: რა გინდა გარეთ? არაფერი გესაქმება იქ!!! სტუდენტობა არის ყველაზე საყვარელი და თავისუფალი დრო, შენ გყავს მეგობრები და მეტად ერთობი, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი მთავრდება. ზოგი გოგო მეგობრობს ბიჭთან, მაგრამ ეს არის საიდუმლო. მაგალითად, თუ გოგოებმა დაგინახეს ბიჭ სტუდენტთან, შენ ძალიან ,,ცუდი’ ხარ.

როგორ შემიძლია მე, როგორც სტუდენტმა გავატარო ჩემი თავისუფალი დრო? რითი არიან დაკავებულები სტუდენტები უნივერსტეტის გარეთ იორდანიაში?

ჰ.ა.: იორდანიაში ასეა: ორი ლექცია დილით, ორი შუადღეს, ორიც საღამოს. მათ აქვთ პაუზები ლექციებს შორის. სახლში ყველამ იცის რომელ საათზე მოდიხარ საღამოს და ამიტომ არავინ არ გეკითხება რას აკეთებ, – იციან რომ ლექციები გაქვს; ამიტომ, გოგონები ხან კაფეში მიდიან, ხან სად. მე, მაგალითად, აერობიკაზე დავდიოდი, ასევე საუნაში. პატარა ქალაქებში არაა უნივერსიტეტები და ყოველდღე დიდ ქალაქში ჩასვლა გიწევს; ამიტომ, პაუზების დროს გაქვს სრული თავისუფლება. საღამოს კი ბრუნდები სახლში.

თუ არ დაბრუნდი?

ჰ.ა.: არა, უნდა დაბრუნდე. თუმცა, არის ოჯახები, რომლებიც გოგონებს უფლებას აძლევენ დარჩნენ უახლოეს მეგობართან. მაგალითად, მე არ მქონდა ამისი უფლება, მაგრამ ჩემს ბიძაშვილს ქონდა.

თქვენი საკუთარი მობილური ტელეფონი გაქვთ?

ჰ.ა.: დიახ, ყველას აქვს მობილური ტელეფონი. უნივერსიტეტშიც და მანამდეც უკვე, როდესაც ხდები 17-18 წლის.

მშობლები გამუდმებით გაკონტროლებენ?

ჰ.ა.: მაგალითად, ჩემს მეგობარს მამამისი ურეკავდა ყოველ ერთ საათში, მაგრამ ის ძალიან კარგი კაცი იყო, გვაკითხავდა და მივყავდით სახლებში; უბრალოდ, ძალიან ღელავდა თავის ქალიშვილზე. ეს არა არის კონტროლი. ძალიან ჭრელია იორდანია, განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. მაგრამ, როგორიც მამაჩემი იყო, არა მგონია, ბევრი იყოს მისნაირი ტიპის კაცი.

ანუ ძალიან მკაცრი?

ჰ.ა.: ადამიანს პატივს არ სცემდა.

საშუალოდ, რა ასაკში ქორწინდებიან იორდანიაში და აუცილებელი თუ არის გათხოვება საერთოდ?

ჰ.ა.: იორდანიაში უნივერსტეტს თუ არ ამთავრებ, სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა გათხოვდე. ქორწინებამდე რამდენიმე ეტაპია: დედამ გადაწყვიტა, რომ შვილმა დროა ცოლი მოიყვანოს და იწყებს სასურველი რძლის ძებნას; მას ეუბნებიან, რომ მავანს კარგი გოგო ყავს. ახლა მე ჩამოგითვლის სასურველი რძლის კრიტერიუმებს: მაღალი, აქვს დიდი თვალები, მისი ოჯახი ფინანსურად გამართულია, კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ა.შ.; მოუყვებიან ყველაფერს ამ გოგოს შესახებ და შემდეგ მომავალი დედამთილი მიდის გოგოს ოჯახში მის გასაცნობად ყოველგვარი წინასწარი შეხვედრის დანიშვნის გარეშე; იშვიათად თუ რეკავენ ხოლმე. შემდეგ, ხდება გოგოს გაცნობა და თუ გოგო მოეწონა, მაშინ მოიყვანს თავის ვაჟს და უკვე გოგოც სპეციალურად გამოპრანჭული ხვდება სტუმრებს. მიართმევს მათ თურქულ ყავას. ამ დროს ბიჭი გოგო ათვალიერებს და შეიძლება ერთი-ორი სიტყვაც გაცვალონ. ამის შემდეგ, ძირითადად, დედები საუბრობენ და თუ ბიჭს მოეწონა გოგო, მაშინ კიდევ ერთხელ მოდიან დედა, მამა, ვაჟი, ბიძა და სხვა ნათესავებიც. ეს იმის ნიშანია, რომ ბიჭი თანახმაა. ამის შემდეგ, ბიჭი და ბიჭის ოჯახი ელოდება პასუხს გოგოს მხრიდან. არის ოჯახები, სადაც მამა ქალიშვილს ეუბნება, რომ სხვა შანსი არ აქვს და გათხოვებას აძალებს, მაგრამ არის ოჯახები, სადაც გოგო ამბობს თავის პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხდება მოლაპარაკება გოგოს ოჯახთან და ბიჭის მხარე იხდის კაბის ფულს.

არის შემთხვევები, როდესაც ქორწინება სიყვარულის საფუძველზე ხდება?

ჰ.ა.: ეს არ არის დასაშვები; თუმცა, მაგალითად, ჩემი ბიძაშვილი, რომლის მამა ძალიან განსხვავდება მამაჩემისაგან, მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც ის ანესთეზიოლოგ თანამშრომელს შეუყვარდა. გოგოს მამა თანახმა იყო, როცა ბიჭმა ხელი სთხოვა; თან მამამისმა იცოდა, რომ მისი ქალიშვილი იცნობდა ამ კაცს. მამაჩემმა, რომელიც არის ამ გოგოს ბიძა თქვა, რომ ასე გათხოვება მიუღებელია, ჩვენ არ ვართ ევროპელები, გოგოს მოყავს საკუთარი მომავლი ქმარი, ეს კი დაუშვებელია ჩვენი ტრადიეციებისთვისო. ჩემი ბიძაშვილის შემთხვევა ძალიან იშვითია. როდესაც ამთავრებ უნივერსიტეტს, ხშირად ისეც ხდდება, რომ საკუთარ ბიძაშვილზე ქორწინდები; მაგალითად, ჩემი ძმა და ჩემი მეორე ბიძაშვილი.

ეს არის ინცესტი…

ჰ.ა.: არა, არა, ჩვენს რელიგიაში დასაშვებია.

მათ შვილებს არ აქვთ რაიმე პრობლემა?

ჰ.ა.: არა, აბსოლუტურად არანაირი. ძალიან ლამაზები არიან. სანამ უფროსი და არ გათხოვდება, მასზე უმცროსი დები ვერ გათხოვდებიან იმიტომ, რომ საზოგადოება იფიქრებს უფროს დას პრობლემები აქვს.

შენ ყველაზე უმცროსი ხარ?

ჰ.ა.: არა, მე მყავს 2 უმცროსი და და 2 უმცროსი ძმა.

კარგია, როდესაც დიდი ოჯახი გყავს?

ჰ.ა.: არა, ეს ძალიან ძნელია. ქალები აჩენენ შვილებს, რათა ვაჟები ყავდეთ. დღეს, ოჯახები ბევრს ფიქრობენ ფულზე, კარგ ცხოვრებაზე და ამიტომ მეტწილად 4 შვილს აჩენენ. თუმცა, საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ გაჩნდეს ბიჭი.

რატომ არიან ბიჭები უფრო მნიშვნელოვნები ოჯახში, ვიდრე გოგონები?

ჰ.ა.: როგორც მამაჩემი ამბობდა,- ოჯახი არის კაცი. ოჯახად ითვლება ოჯახი სადაც კაცია, ქალი აბსოლუტურად იგნორირებულია. მაგალითად, ბიძაჩემი ძალიან კეთილშობილია საკუთარი ქალიშვილების მიმართ, უყვარს თავისი შვილები. მართალია, მასაც უნდოდა ვაჟი, მაგრამ მეშვიდეც რომ გოგო აღმოჩნდა, გაჩერდნენ.

ზოგადად, რაში გამოიხატება განსხვავებული დამოკიდებულება ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ ოჯახში?

ჰ.ა.: ვაჟს ბევრი უფლება აქვს, მაგალითად, ლაპარაკის უფლება. ჩემთან ჭამის დროს გოგოებს გვეკრძალებოდა საუბარი. გოგოს ასევე არ აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. არაფერი არ შეგიძლია; ქალების ცხოვრება იორდანიაში იგივეა რაც ცხოველების ცხოვრება, მეტი არაფერი. როდესაც გოგონა პატარაა მშობლები წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ იგივე ხდება, როდესაც უკვე დიდი ხარ. გათხოვებენ… არ გენდობიან; მაგალითად, თუ გამოცდა გქონდა, უნივერსტეტიდან ცნობა უნდა აჩვენო. ჩემთვის მამაჩემის კონტროლი კოშმარი იყო! გვაკონტროლებდა არ გქონოდა სასიყვარულო წერილი ან მესიჯი ბიჭისგან.

ქალებს ხელით ეხებიან?

ჰ.ა.: კი, რა თქმა უნდა. ცემენ.

რა მიზეზით?

ჰ.ა.: არავინ არაა უნაკლო და ქალმაც შეიძლება შეცდომა დაუშვას; მაგრამ ბიჭებს არასდროს ცემენ, გოგოებს კი ყოველთვის. ეს განა იმიტომ, რომ რაიმე კატასტროფა ჩაიდინე? არა, ეს იმიტომ, რომ შენ ხარ გოგო და შენ უნდა გცემონ! არ გცემენ პატივს, როგორც ადამიანს. მათ იციან ყურანი, წაკითხული აქვთ რელიგიური ტექსტები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქალს, გოგოს, იქ ყველაფერი სხვანაირად ხდება. მაგალითად თუ გინდა, რომ გამოხატო შენი აზრი, ეგრევე გცემენ. მე ასეთი შემთხვევა მრავალჯერ მქონია. ქალებს ცემენ ყველაფრით და ყველგან. ჩემი და არის მათემატიკის მასწავლებელი, არის ძალიან ჭკვიანი.. მისი ოჯახი ძალიან მოწესრიგებულია და ბავშვებიც ძალიან კარგად აღზრდილები არიან. თითქოს, ყველაფერი წესრიგში აქვთ, მაგრამ ქმარი სცემს. რეალურად, კი მიზეზი შეიძლება არც არსებობდეს.

კაცები ქცევის ასეთ მოდელს ეზიარებიან ბავშვობიდან?

ჰ.ა.: კი. ქალებს უწევთ ყველაფრის გაკეთება, აბსოლუტურად ყველაფრის. მაგალითად, როდესაც სუფრასთან ვსხედვართ და მოვრჩით ჭამას, არცერთი მამაკაცი არ დგება, ქალს არაფერში დაეხმარება. კაცი მოდის სამსახურიდან და მას უნდა, რომ მაგიდა გაწყობილი დახვდეს. ჩვენთან არ არსებობს არანაირი დათმობა, ურთიერთგაგება. არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ სამსახურიდან მოსულს და დაღლილს აქეთ მე ვუთხრა ჭურჭელი გარეცხოს. უბრალოდ, მას უნდა ესმოდეს, რომ მეც დავიღალე. ერთმანეთის დახმარება უნდა ხდებოდეს.

მომიყევი როგორ იწყება დღე შენს პატარა ქალაქში ქალისთვის?

ჰ.ა.: დილით ქალი ამზადებს საუზმეს მეუღლესთვის, რათა გაისტუმროს სამსახურში. შემდეგ, თუ ქალი მუშაობს მიდის სამსახურში ან სახლის საქმეს აკეთებს და ბაღში მუშაობს; მიდის მეზობლების სანახავად,- ეს იორდანიაში მისაღებია. საღამოს კვლავ ამზადებს ვახშამს ქმრისთვის, ჭამენ ერთად და შემდეგ მიდის დასაძინებლად. სხვა საქმე არ აქვთ არაფერი, ისინი არ კითხულობენ წიგნებს, არ დადიან კინოში, არ აქვთ საკუთარი აზრი და ცხოვრება.

ინტერნეტის გამოყენების უფლება თუ გაქვთ?

ჰ.ა.: იცით, სოფლებში კომპიუტერები არ აქვთ. აქვთ ტელეფონები, ხანდახან სტუმრობენ ნათესავებს ან ჩადიან ქალაქში; მხოლოდ მწირი სოციალური ურთიერთობები არსებობს. ისიც დამთრგუნველია, რომ გარშემო ყველა გეუბნება, რომ გაქვს საჭმელი, სახლი, მშობლები, მეზობლები და რატომ ხარ უკმაყოფილო, რა არ მოგწონს?!

როგორია ურთიერთობა დედებსა და ქალიშვილებს შორის?

ჰ.ა.: ხან კარგი, ხან ცუდი. უფრო ზედაპირული, არანაირი სიღრმე არ არსებობს ურთიერთობაში.

იმიტომ, რომ უფრო მეტად ვაჟებზე ზრუნავენ?

ჰ.ა.: როდესაც გოგონა არის პატარა მას აქვს კონტაქტი დედასთან. როცა წამოიზრდება, დედები არ ასწავლიან ქალიშვილებს რომ ისინი, მაგალითად, ფიზიკურად შეიცვლებიან, არაფერს არ უხსნიან. დედები ცდილობენ ქონდეთ კარგი ურთიერთობა შვილებთან იმისთვის, რომ შემდგომ კარგად გაათხოვონ. უნდათ, რომ მათი ქალიშვილები სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ, რადგან იორდანიაში ადამიანებს ეშინიათ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების, – ვთქვათ, ადამიანების, რომელთაც დასავლური კულტურა მოსწონთ.

როგორია და-ძმური ურთიერთობები?

ჰ.ა.: ხანდახან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ზოგ ოჯახში კი აკრძალულია ერთმანეთტან ლაპარაკი. მე შემიძლია გესაუბროთ ჩემი ოჯახის შემთხვევაზე, რომელიც ერთ-ერთი უმძიმესია: მე არ მქონდა უფლება რომ მელაპარაკა ძმებთან; მაგრამ, როდესაც მამაჩემი სახლში არ იყო, ჩვენ მაინც ვსაუბრობდით. ზოგადად, და-ძმას შორის კარგია ურთიერთობა, როდესაც ძმა უმცროსია დაზე. ხოლო როდესაც ძმა უფროსია, მაშინ ის ძლიერია და გავლენიანია ოჯახში, რაღაცეებს გიკრძალავს, მაგალითად, სადმე მარტო წასვლას; მას ეშინია საზოგადოების,- რომ ვინმე ეტყვის შენი და ვნახე იქ დადის, აქ დადისო.

მაგალითად, ქალი გახდა ავად, აქვს მას უფლება მივიდეს ექიმთან?

ჰ.ა.: არა, მარტო არა, ქმართან ან ძმასთან ერთად. პრინციპში, დილით უფრო შეუძლია ქალს მარტო გავიდეს სახლიდან, საღამოს კი არა. ვინც გათხოვილია ის აუცილებლად ქმართან ერთად უნდა წავიდეს.

ქალები ეწევიან სიგარეტს? ალკოჰოლს ღებულობენ?

ჰ.ა.: ზოგადად, აკრძალულია და თუ ეწევიან, მაშინ მალულად. დედაქალაქში ქუჩაში ვერ მოწევენ. მაგრამ საინტერესოა, რომ ზოგიერთ სოფელში მიღებულია თუ ქალი ეწევა. არ ვიცი საიდან მოდის ეს, მაგრამ კაცები შეურაცხყოფილადაც კი გრძნობენ თავს თუ ქალი მოწევაში კამპანიას არ გაუწევს. სოფლებში ცოლ-ქმარი ერთად ეწევა ჩილიმს. რაც შეეხება ალკოჰოლს კაცებიც კი არ სვამენ, ეს არაა დაშვებული ქრისტიანებისგან განსხვავებით.

რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას: აუცილებელია პირველი სექსუალური კავშირი გათხოვების შემდეგ გქონდეს?

ჰ.ა.: კი, აუცილებელია.

და შემდგომ ძალდატანებით ხდება სექსუალური კავშირი ქმრის მხრიდან?

ჰ.ა.: იცით, საბედნიეროდ მე არ ვყოფილვარ გათხოვილი, მაგრამ მეტნაკლებად გარკვეული ვარ; ქალს ნაკლებად ეკითხება ქმარი მას რა უნდა და რა არ უნდა, ამის შესახებ არანაირი დისკუსია არ ხდება. არც საუბრობენ სექსის შესახებ ერთმანეთთან. არც ქალებს შორის არა არის ამის შესახებ საუბარი. თუმცა, ჩემი და მასწავლებელია და მითხრა, რომ მასწავლებელი ქალები თურმე საუბრობენ ერთმანეთში, რადგან იმ სივრცეში (სადაც მუშაობენ) მამაკაცები არ არიან. ხალხი ძალიან პირფერია, ერთს ფიქრობს და მეორეს ამბობს. ბუნებრივია, რომ არსებობს საიდუმლო, რაც მინდა ჩემთვის შევინახო, მაგრამ არ მესმის, როდესაც სახლში რაიმე დრამატული ხდება – ცემენ ქალს, შვილებს და ამას არავის არ ეუბნებიან და ეს არავინ არ იცის … არასწორია! მაგალითად, ქალი თუ მიდის ფსიქოლოგთან იორდანიაში, ეგრევე გიჟად თვლიან. რა თქმა უნდა, გარკვეული ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები წვანან საავადმყოფოებში, მაგრამ ფსიქოლოგთან, როგორც ასეთი, სიარული გამორიცხულია.

თუ ცხოვრებას ისევ იორდანიაში გააგრძელებ როგორი მომავალი გელის?

ჰ.ა.: გათხოვება იმ ადამიანზე, რომელსაც აარჩევს მამაჩემი. უმეტესად, ქალები აწერენ საქორწინო კონტრაქტს ხელს, სადაც წერია, რომ აღარ იმუშავებენ, მათ არაფრის უფლება არ ექნებათ და ა.შ.; მიუხედავად გათხოვებისა, თუ მაინც გინდა მუშაობის გაგრძელება და ბრუნდები სახლში, რომ მოიფიქრო რა გააკეთო და როგორ, ამ დროს მამამ შეიძლება გცემოს და ქმართან დაბრუნება დაგაძალოს.

თუ ქალი/გოგო მუშაობს და აქვს საკუთარი შემოსავალი ააქვს მას ცალკე ცხოვრების შანსი?

ჰ.ა.: არა, ეს დაუშვებელია, გამორიცხულია, აკრძალულია! ოჯახი , ძმები, მამა არ მისცემს მას ამის უფლებას, არავითარ შემთხვევაში. გაგათხოვებენ მეზობელ ბიჭზე ისე, რომ არც შეგეკითხებიან არაფერს. იცით, ჩემი აზრით, ხალხი იქ საშინელი რასისტია. პალესტინელებს და იორდანელებს საშინელი შუღლი და დაპირისპირება აქვთ, ვერ იტანენ ერთმანეთს, არადა ერთი და იგივე ხალხია, ერთი რელიგია და ენა აკავშირებთ. მე პალესტინელი ვარ და მე მაქვს იორდანიის პასპორტი. როგორც კი გაიგებენ შენ გვარს ეგრევე ეცვლებათ აზრი. გაუგებარი რამაა…



No comments:

Post a Comment