დაოჯახება/ დაოჯახებულის სტატუსი ცხოვრების გაუმჯობესებად (დაცულობა, სითბო და სიყვარული, სექსუალური ცხოვრება, ფინანსურად გაძლიერება, გამრავლება..) მოიაზრება და „გვერდითი მოვლენები“ ან საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება ან მათ გაანალიზებას მათზე თვალების დახუჭვას ამჯობინებენ.
სამწუხაროდ, საქართველოში:
გამოკითხულ ქალთაგან ყოველი მეთერთმეტე ან მეთორმეტე ყოფილა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გარკვეული ფორმის მსხვერპლი;
აღნიშნულ ქალთა ყოველ მესამეს, მეუღლის/პარტნიორის ძალადობის შედეგად გარკვეული ტიპის დაზიანებები აქვს მიღებული;
ქალთა უმრავლესობა (60.3%), რომელთაც ქმრის/პარტნიორის ძალადობის შედეგად მიღებული აქვთ დაზიანება, აღნიშნულის მსხვერპლი რამდენჯერმე გამხდარა ქმართან/ პარტნიორთან თანაცხოვრების პერიოდში.
საცხოვრებელი ადგილის ჭრილში: თბილისისა და ქალაქების მცხოვრებთა უფრო მეტი წილი ასახელებს ძალადობის შედეგად მიღებულ დაზიანებებს, ვიდრე სოფლის მცხოვრებლები;
იმ ქალთა ერთი მეოთხედი, ვისაც მიუღია დაზიანება ქმრის/პარტნიორის ძალადობის შედეგად, აღნიშნავს, რომ ამგვარ ფაქტს ბოლო 12 თვეში ჰქონია ადგილი;
დაზიანებათა ყველაზე ხშირი ტიპებია: ნაკაწრი, დაჟეჟილობა, დალურჯება, შინაგანი დაზიანება და ყურის/თვალის დაზიანებები;
ძალადობის მსხვერპლ ქალთა ერთ მეხუთედს დაუკარგავს გონება/წასვლია გულია მათიმეუღლეების/პარტნიორების ძალადობრივი ქმედებების შედეგად;
(ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში, 2010)
როგორც ვხედავთ, რეალური ოჯახური ცხოვრება საქართველოში საკმაოდ არის ძალადობრივი ელემენტების შემცველი; ამდენად, უფრო ფხიზელი დამოკიდებულებით და მეტი პასუხისმგებლობით საკუთარ გადაწყვეტილებებზე უფრო ეფექტურად შევძლებთ იმდეგაცრუების და ზიანის მოყენების თავიდან აცილებას.
თუ რატომ შეიძლება ოჯახი ქალისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, გვესაუბრება ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რუსუდან ფხაკაძე.
რ.ფ.: არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ ქალისთვის ოჯახი არის ნავსაყუდელი და გარანტი უზრუნველი და უშფოთველი ცხოვრების. ერთი მხრივ, სწორედ, ამ მითმა, რომლის მიხედვით ქალი ყველაზე მეტად არის დაცული ოჯახში და მეორეს მხრივ, ქალის გაუცნობიერებულობამ, ინფორმაციის ნაკლებობამ, თუ რას წარმოადგენს ძალადობა ოჯახში შეიძლება მსხვერპლობამდე მიგვიყვანოს.
მაგალითად, ქმარი დაღლილი მოვიდა სახლში, გაღიზინებულმა და უკმაყოფილომ რაიმე საგანი ესროლა კედელს, ეუხეშა ცოლს… ცოლი, როგორც წესი, ქმრის დაშოშმინებას და ბოდიშების მოხდას იწყებს. რეალურად, გაბრაზება, თავშეუკავებლობა მხოლოდ კაცის პრივილეგია ხომ არ არის?! ერთნაირი სისხლი მოძრაობს ყველაში და გაბრაზებაც ერთნაირად შეუძლია ქალს თუ კაცს. უბრალოდ, მენტალურად, დაშვებულია და კაცს „ევალება“ კიდეც, იყოსა გრესიული, ხოლო ქალს,- მომთმენი და მორჩილი.
ჩვეულებრივ, თანაცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე საფრთხეები ცხადი. ქალს პირველივე მუშტის დაბრახუნებასა თუ თეფშის დალეწვაზე უნდა ქონდეს სათანადო რეაქცია; ადეკვატურად შეაფასოს და იცოდეს, რომ ეს ძალადობრივი ქმედების გამოვლენაა, რომელსაც გამართლება არ აქვს. სწორედ, ასეთ ცოდნაზე და უნარებზე ვსაუბრობდი ზემოთ.
შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ძალადობის საფრთხეს ქალების არაადეკვატური მოლოდინები და წარმოდგენებიც განაპირობებს ოჯახთან, ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით..
რ.ფ.: საფრთხე მაშინ არის საფრთხე, როდესაც აღქმა და დამოკიდებულება არ არის სიტუაციის ადეკვატური. თუ ოჯახის შექმნას მდგომარეობის გაუმჯობესებად მივიჩნევთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ რა იგულისხმება გაუმჯობესებაში. თუ კაცი არაადეკვატური და არასწორი რეაქციებით ხასიათდება, რომელიც მენტალურადაც გამართლებულია, ქალი უნდა ეცადოს დაანახოს მას, რომ ეს რეაქციები მისთვის მისაღები არ არის. ბუნებრივია, თავის მხრივ, ქალმა ჯერ უნდა იცოდეს, რომ ეს მიუღებელი ქცევაა და შემდეგ ეს პოზიცია გამოხატოს კიდეც. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი სასურველი, უშფოთველი გარემოს შექმნა. იმის დეკლარირება, რომ ოჯახის შექმნა თავისთავად შესანიშნავი მოვლენაა, გარკვეული ცოდნისა და რეგულაციის უნარ-ჩვევების გარეშე, რეალურად, მხოლოდ მითს წარმოადგენს.
ქალები, რომლებმაც წინასწარ უწყიან თუ რაზე მიდიან,- დათმობაზე, მორჩილებაზე, გაგებაზე.. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ანალოგიურად არიან გარკვეული ცოდნით აღჭურვილები?
რ.ფ.: მუდმივ დათმობაზე შეიძლება წახვიდე ადამიანთან, რომელსაც, ვთქვათ, სიარული არ შეუძლია და შენ უფრო მეტად გიწევს დატვირთვა. მაგრამ, როდესაც ადამიანი იქცევა ისე, სიარული ვითომ არ შეუძილია, ამ შემთხევაში იმავე დათმობებზე წასვლა არის ოჯახში ძალადობის ხელშეწყობა. მთვარია, ადამიანმა იცოდეს რა რას ნიშნავს, რას რა ქვია, რა აქვს პოზიტიური და არაპოზიტიური ოჯახის შექმნას. ოჯახის შექმნის იდეალიზაციას, გაურკვეველ დამოკიდებულებას თემის მიმართ მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორიც არის, თუნდაც, განქორწინების მაღალი მაჩვენებელი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახური ცხოვრება ეს არის პასუხისმგებლობა შენს საკუთარ ქცევასა და გრძნობებზე.
მითები, რომლებიც საუბარში ბევრჯერ ახსენეთ, რეალურად უფრო ქალებზე „ზემოქმდებს“, ვიდრე კაცებზე..
რ.ფ.: რასაკვირველია, რადგან თვითონ კულტურა არის პატრიარქალური. კაცებმა, სულ რომ არაფრისთვის იბრძოლონ და იზრუნონ, სისტემა თავისთავად მოიაზრებს ქალების სუბორდინირებულ მდგომარეობას. მაგალითად, იმისთვის, რომ ქალი ზემდგომ კაცს ჭკუით გაუტოლდეს, საკუთარი უნარების ყოველდღიური დამტკიცება სჭირდება, ვინაიდან კაცი იმთავითვე უფრო ჭკვიანად არის მიჩნეული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს კაცებზე ნაკლები უნარები აქვთ. ისევ და ისევ, სისტემის თანახმად, კაცი არის წარმმართველი და უფრო სწორი.
საზოგადოებრივ ცნობიერებაში ეს არქეტიპების დონეზეა ჩადებული, რომელსაც ქალების დიდი ნაწილი გაუცნობიერებლად ეთანხმება კიდეც; ხოლო, ვინც აცნობიერებს, მაშინ ე.წ. „ნასწავლ უმწეობასთან“ გვაქვს საქმე, რომლითაც ქალი ცდილობს მდგომარეობა არ გაამწვავოს/გაიმწვავოს. თუმცა, თუ ოჯახში ჰაერი უკვე მოწამლულია, ასეთი აქტივობები დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ანალოგიურად, არ წყვეტს პრობლემებს ცოლ-ქმრის ურთიერთოებაში შვილის(ების) გაჩენა. რეალურად, არაჯანსაღ სიტუაციაში ბავშვებიც არასწორად ვითარდებიან, რაც თავის მხრივ, სოციალური პრობლემის ხასიათს იძენს.
თავისთავად, კაციც მენტალური წარმოდგენების ტყვეობაშია და მიაჩნია, რომ ქალი მომთმენი, დამთმობი, სულგრძელი და ა.შ. უნდა იყოს. შესაბამისად, როდესაც ქალი ნათლად ხედავს, რომ ოჯახს ეკონომიკური მხარდაჭერა ან ურთიერთობების გაფართოვება სჭირდება, ისევ თავისი ოჯახისთვის, შვილებისთვის, მისი ინიციატივა თუ ქმედება აღნიშნული მიმართულებებით, გარშემომყოფების მიერ, ძირითადად, არაპოზიტიურად ფასდება.
აქედან გამომდინარე, გენდერული თანასწორობის ჭრილში თუ განვავრცობთ, კანონსაც მენტალობა ეჯახება, ზნეობრივ დონეზეც დოგმატები მძვინვარებს და თავისუფალი არჩევანს ნაკლები გასაქანი აქვს. ქალების გარკვეულ ნაწილს უნდა კაცს შემოქონდეს ოჯახში შეშა და თვითონ ბავშვებს უვლიდეს, ზოგს ეს არ უნდა და უნდა ქონდეს ამის თავისუფლება. თანასწორობა მე მესმის, როგორც მე ვარ ჩემს ქცევაზე პასუხისმგებელი, ისე შენ ხარ შენს ქცევაზე პასუხიმსგებელი,- ეს არის ორი დამოუკიდებელი და მსგავსი ზნეობრივი და ღირებულებითი სისტემის შეხვედრა.
წესითა და რიგით, სწორედ კანონს უნდა შეეძლოს მენტალობის, ასე ვთქვათ, ნეგატიური გამოვლინებების თუ თვითნებობის დარეგულირება..
რ.ფ.: გენდერული ძალადობისგან დამოუკიდებლად, ზოგადად, აგრესია და ძალადობრივი ტენდენციები, გარკვეული დოზით, ნებისმიერ ადამიანში არსებობს, რასაც რაციონალურად უნდა არეგულირებდეს კანონი. ჩვენს საზოგადოებაში სავალალო ვითარებას ქმნის ის, რომ ვერც ტრადიციებით ვარეგულირებთ და ვერც საკანონმდებლო სისტემის საფეხურების გავლით.

No comments:
Post a Comment